logo
ENG



"ლაზარეს თავისუფლებისთვის" - კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია იმართება

01 აპრ 202320:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/01/tke5v5kqm770fwv.jpg
ვახო ქარელი/ ფორმულა

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. 

აქციის ორგანიზატორები ევროპული საქართველო, ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება არიან. 

ორგანიზატორების თქმით, "ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლებამ შეარჩია იმ ნიშნით, რომ მისი სტილის გამო, მისი დემონიზება იოლი იქნებოდა". 

“ლაზარეს დაკავება მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს” - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

როგორც აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფორმულასთან საუბარში ამბობს, ხელისუფლებას სურს ლაზარე გრიგორიადისის დასჯა, რადგან ის სწორედ იმ თაობას წარმოადგენს, რომელმაც "აქციებს ძალა და ხიბლი სესძინა".

"გამოცხადებული სატანისტის დაჭერის ქრონიკას ვისმენდით 7-9 მარტის შემდეგ - მთელი პერიოდი. ბოლოს, როგორც ჟანრის კანონი ივარაუდებდა, მოხდა კიდევაც. რეალურად ეს ბავშვი არ ზის ციხეში იმიტომ რომ რაღაც დააშავა. ეს ბავშვი ციხეში ზის იმიტომ, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს იმ თაობის წარმომადგენელი, რომელმაც ძალა და მომხიბვლელობა შესძინა ჩვენს აქციას. 10 წელია აქციებზე ვდგავარ, რაც ქართული ოცნება მოსულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიური ვარ და ბევრი კარგი იდეა მომდის, არ ვძენ ისეთ მომხიბვლელობას და ძალას აქციებს, როგორც იმ თაობის მონაწილეობამ შესძინა, რასაც წარმოადგენს ლაზარე. ეს არის ხელისუფლების ამოცანა. მათ ეშინიათ პროტესტის. ამიტომ ამოარჩიეს ის ადამიანი, ვის დემონიზებასაც, ჩათვალეს, რომ მარტივად შეძლებდნენ, და ჩვენი მთავარი ამოცანაა სწორედ ამის ჩვენებაა, რომ რეალურად ამ სტილის გამო ამ ბავშვის დემონიზებას ვერ შეძლებენ. პირიქით ეს სტილი გახდება წამყვანი სტილი ამ ქვეყანაში და ვერ მოახერხებენ ამას", - ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.

 

 


close დახურვა